პარასკევი, 29 მაისი, 2020
        geo  |  eng
 
 
 
 
 
edu-guide.ge
edu-guide.ge
სტატიები:
მშობლები და შვილები

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული საკითხია, რომელზეც უამრავი რამ დაწერილა და თქმულა წარსულში, ეს თემა მუდამ აქტუალური იქნება მომავალშიც.


მშობელთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი შვილებით, აკრიტიკებს მათ მოქმედებებს და სურთ შვილების  ცხოვრების გზა თავად გაიარონ. 

თავის მხრივ  შვილებს არ მოსწონთ (ჩუმად) საკუთარი მშობლები, პირად ცხოვრებაში ჩარევის, კონტროლისა და მანიპულაციების, სკანდალებისა და საყვედურების  გამო.

ასეთი სიტუაცია არა ერთი ათასწლეულია, რაც გრძელდება და, როგორც ჩანს, სათავეს იღებს კაცობრიობის შექმნის ისტორიიდან.

რა თქმა უნდა, არსებობენ ბედნიერი ოჯახები, სადაც მშობლებს და შვილებს შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს. თუმცა, სამწუხაროდ, უამრავია დესტრუქციული ოჯახებიც, რომელშიც ფერხდება და არ ხერხდება ადამიანის, როგორც პიროვნების, ნორმალური და თავისუფალი განვითარება.

განვიხილოთ ურთიერთობის რა ფორმები შეიძლება არსებობდეს ოჯახებში:

ტირანი მშობლები  

მშობლები და შვილებიმშობლები ცდილობენ სრულად დაიმორჩილონ საკუთარი შვილების თავისუფალი ნება.  ისინი აკონტროლებენ მათ ყოველ ნაბიჯს, თითოეულ მოქმედებას და, რა თქმა უნდა, ამას ნიღბავენ სიყვარულსა და ზრუნვაზე საუბრით.

მაგრამ სიყვარული არ თრგუნავს და არ აკონტროლებს. ნამდვილი სიყვარული ნდობასა და თანადგომაზე უნდა იყოს  დამყარებული ისე, რომ არ ითხოვდეს სამაგიეროს.

ამიტომ, რაც არ უნდა უმტკიცონ მშობლებმა საკუთარ თავს და გარშემომყოფთ, რომ საკუთარი შვილებისთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ, სინამდვილეში მათ ამოძრავებთ მხოლოდ ერთი მიზანი - შთამომავლობაზე სრული კონტროლი!

როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია ასეთ ოჯახში? მოზარდი ან გარბის სახლიდან, რათა შეძლოს და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, ან სრულად უმორჩილებს მშობლების სურვილს საკუთარ ნებას.

სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვს რჩება წყენა მშობლების მიმართ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მომავალში გაუთვითცნობიერებლად თავადვე ქმნის ისეთ ოჯახს, როგორი გზაც თავად განვლო  ბავშვობის პერიოდში.

 

უნიათო და წარუმატებელი მშობლები

მშობლები, რომელთაც ვერაფერს  მიაღწიეს ცხოვრებაში, შესაბამისად ვერაფერს მისცემენ საკუთარ შვილებს. ასეთი მშობლები არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ შვილებისათვის.

ამ ტიპის ოჯახებში ხშირად იზრდებიან ტირანი ბავშვები, რომლებიც სრულიად აკონტროლებენ და მანიპულირებენ საკუთარი მშობლებით.

ეს ბუნებრივიცაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ისინი უყურებენ საკუთარი თანატოლების წარმატებულ მშობლებს და ხშირად ავლებენ პარალელებს საკუთარ მშობლებთან...

ასეთი ოჯახებიდან გამოსული მოზარდები ხშირად ყალიბდებიან, როგორც სოციალურად არაადაპტირებული ადამიანები. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებებობს გამონაკლისებიც (და არც თუ ისე ცოტა).

 

მშობლები - მეგობრები

მშობლები და შვილებივისაც ასეთი მშობლები ჰყავს, ნამდვილად გაუმართლა. ისინი ენდობიან საკუთარ შვილებს და უფლებას აძლევენ მათ იცხოვრონ საკუთარი, დამოუკიდებელი ცხოვრებით.

ამ ტიპის მშობლები ხშირად საკუთარ ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან და ინტერესდებიან ახალგაზრდების გატაცებებით.

ისინი არ ერევიან შვილების პირად ცხოვრებაში, თუმცა ტაქტიანად და გონივრულად აკონტროლებენ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აძლევენ შვილებს თავისუფლად განვითარების საშუალებას.

ისინი შვილებთან მეგობრობენ არა იმის გამო, რომ ამით მათი ნდობა მოიპოვონ, არამედ ბუნებრივად არიან ასეთები და შვილებთან მეგობრობა დიდ სიამოვნებასაც ანიჭებთ.

ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები, თავისუფლად მოაზროვნე და კომუნიკაბელურ პიროვნებებად ყალიბდებიან, ადვილად ამყარებენ კონტაქტს ყველა ტიპის ადამიანებთან და თავადაც ჰარმონიულ ოჯახებს ქმნიან.

 

უგრძნობი მშობლები

უგრძნობი მშობლებიამ ტიპის მშობლები ყოველნაირად დაჩაგრული და უბედური ადამიანები არიან. მათ არ ძალუძთ და არ შეუძლიათ, უყვარდეთ. მათთვის შვილები მხოლოდ პრობლემების წყაროს წარმოადგენს.

ისინი არასოდეს ეფერებიან, კოცნიან, ეუბნებიან ალერსიან სიტყვებს საკუთარ შვილებს. პირიქით, ყველაფერს აყვედრიან და მუდმივად ახსენებენ თუ მათთვის რამე გაუკეთებიათ.

ასეთი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს შეიძლება გააჩნდეთ ორი სახის მომავალი:

პირველი: ისინი ცხოვრებაში თავადაც  ვერ გამოავლენენ ვერავითარ გრძნობებს, რის გამოც თავადაც იტანჯებიან და დისკომფორტს უქმნიან გარშემომყოფებს.

მეორე: თავის თავს აღუთქვამენ, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ხშირია შემთხვევები, როცა  მათგან დამდგარა ძალიან ალერსიანი და მოსიყვარულე მშობლები.

 

დამრიგებელი მშობლები

მშობლები და შვილებიამ ტიპის მშობლები თავიდან ბოლომდე დაკავებული არიან საკუთარი შვილებით. ბაღი, სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი. მათი დაინტერესება შვილების მომავლის მიმართ ნამდვილად გულწრფელია. ისინი ურთიერთობენ შვილებთან, მხარს უჭერენ მათ არჩევანს, ეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. 

ასეთი მშობლები ადრეული ასაკიდანვე  ადევნებენ თვალყურს საკუთარი შვილების ინტერესებს და არასოდეს აიძულებენ ისწავლონ ან იმუშაონ იქ, სადაც თავად სურდათ თავის დროზე მოღვაწეობა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამას ვერ მიაღწიეს.

მათთვის უცხოა შვილებით მანიპულირება და არასოდეს სთხოვენ მათ იმის გაკეთებას, რასაც თავად თვლიან საჭიროდ. ხელს უწყობენ მოზარდების თავისუფალ განვითარებას, ხოლო განვითარების გზაზე ეხმარებიან, კარნახობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებმა იპოვონ საკუთარი, წარმატებული ცხოვრების გზა.

 

მიზეზები 

სამწუხაროდ, ასეთი მშობლები უმცირესობაში არიან, ალბათ იმის გამო, რომ წლების გამმავლობაში ჩვენ გვასწავლიან ყველაფერს: ლიტერატურას, ტექნიკურ საგნებს, ეკონომიკასა და ბიზნესს, მარკეტინგსა და მენეჯმენტს, მუსიკას, უცხო ენებს და ა.შ. მაგრამ არასოდეს არავინ გვასწავლის, როგორ გავხდეთ ისეთი მშობლები, რომელთაც შეეძლებათ ჭეშმარიტად  ბედნიერი და ჰარმონიული შვილების აღზრდა.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯება მშობლებთან ურთიერთობის გამო. ასეთ შემთხვევაში ყველა ინდივიდუალურად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას:

ზოგიერთი თავს არიდებს და გაურბის მშობლებთან ყოველგვარ ურთიერთობას. 

ზოგი კამათობს, ჩხუბობს, სკანდალებს აწყობს და რეგულარულად არკვევს მათთან ურთიერთობას. 

არიან ისეთებიც, რომლებიც თამაშობენ წყნარი და მორჩილი შვილის როლს და ახდენენ მშვენიერი ოჯახური ურთიერთობის იმიტაციას, სინამდვილეში კი ვერ იტანენ მშობლებს საკუთარი წარუმატებლობის გამო.

ბევრ მოზარდს თბილი და გულახდილი ურთიერთობა აქვს მშობლებთან, მაგრამ შესაძლოა ისინი ვერ აცნობიერებდნენ მშობლების გავლენასა და ფარულ მანიპულაციებს საკუთარ, თითქოსდა თავისუფალ არჩევანსა თუ გადაწყვეტილებაზე, თუმცა შეიძლება ეს მათთვის უკეთესიც იყოს.

 

გამოსავალი?

მშობლები და შვილებირა თქმა უნდა, ყველას  შეუძლია იპოვოს რაღაც გამოსავალი და მიიღოს საკუთარ მშობლებთან მიმართებაში ის გადაწყვეტილება, რომელსაც თავად თვლის ყველაზე სწორად და სამართლიანად.

მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მშობლები თქვენთვის ყველაზე უახლოესი ადამიანები არიან და მათზე მეტად არავინაა დაინტერესებული თქვენი წარმატებითა და ბედნიერი მომავლით.

ამას გარდა თქვენ, მშობლებთან ღვთიური, უხილავი სხივებით ხართ დაკავშირებული და ნუ დაგავიწყდებათ, რომ როგორც მათ აგირჩიეს თქვენ, ისე აირჩიეთ თქვენ ისინი.

დიახ, სწორედ თქვენ გადაწყვიტეთ საკუთარი მშობლების ვინაობა, დაბადების დრო, ადგილი და სწორედ ასეთი მშობლები იყვნენ თქვენთვის საჭირო, რათა განვითარებულიყავით და ჩამოყალიბებულიყავით ისეთ პიროვნებად, როგორიც ხართ და როგორიც საკუთარი თავი მოგწონთ.

ამიტომ, რა ტიპის მშობლებიც არ უნდა გყავდეთ, გაესაუბრეთ მათ გულწრფელად, ბოლომდე გაიხსენით და აუხსენით თქვენი მოსაზრებები, დადებითი ან უარყოფითი ემოციები თქვენი და მათი ურთიერთობის შესახებ. ჩამოუყალიბეთ საკუთარი ხედვა და შესაძლო პრობლემების გადაჭრის გზები.

სავარაუდოდ ისინი მიგიხვდებიან და გაგიგებენ, ხოლო თუ ასე არ მოხდა და მშობლები საკუთარ აზრზე დარჩნენ - ორივე შემთხვევაში გადაუხადეთ მათ მადლობა! არა მარტო იმისთვის, რომ მოგცეს ჰარმონიული, გულწრფელი, სიყვარულითა და პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობის მაგალითი, არამედ იმისთვისაც, რომ გულცივი, ტირანული, წარუმატებელი მოქმედებით, ისიც გასწავლეს, თუ როგორი არ უნდა იყოს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა, რათა შემდგომში, როცა გახდებით ძლიერი  და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება, თავადვე არ გაიმეოროთ იგივე შეცდომები საკუთარი შვილების მიმართ.

მადლობის გადახდის შემთხვევაში, თქვენ იგრძნობთ შვებას, დაგეუფლებათ სიამოვნების განცდა, გახდებით უფრო მხიარული და ბედნიერი, იგრძნობთ, რომ ეს თქვენთვის აუცილებელი იყო და ამგვარად მოქცევის გარეშე ვერ შეძლებდით განვითარებას. ამასთან, მიიღებთ შეუფასებელ მაგალითს და ზუსტად გეცოდინებათ, როგორი ურთიერთობის დამყარება გსურთ მომავალ ოჯახში.

გარდა ამისა მიხვდებით, რომ პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე თავადვე ხართ და არავის დედამიწის ზურგზე, მშობლებსაც კი, არა აქვთ უფლება გაგიფუჭონ ცხოვრება უხეში ჩარევითა და თქვენი ნებართვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებებით.

მხოლოდ ჩხუბი და კამათი, ან გულში ფარული წყენის ჩახვევა, ვერ დააფიქრებს თქვენს მშობლებს და ვერ გახდის ნათელს მათთვის, რომ  უკვე მოაზროვნე და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ.

გულწრფელი საუბრით და თქვენი მოსაზრებების ნათელი გადმოცემით, ისინი იძულებული იქნებიან დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, პატივისცემით მოგეპყრონ, შეწყვიტონ  ზეწოლა და ანგარიში გაუწიონ თქვენს პიროვნულ მეს.

მშობლების მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვისა და გულწრფელობის გარეშე, წყენა და უარყოფითი ემოციები თქვენშივე დარჩება და ვერასოდეს შეძლებთ ცხოვრებაში წინსვლას, წარმატებების მიღწევას.

PS

მშობლები და შვილებიუნდა ითქვას ისიც, რომ მადლობის გადახდა არ არის მოწოდება - ყველაფერში დაემორჩილოთ საკუთარ მშობლებს, იყოთ სამაგალითოდ ბეჯითები და არაფერი აწყენინოთ მათ - არა!

თქვენ, უნდა იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით, მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და იყოთ თავისუფალი მშობლების მხრიდან ნეგატიური გავლენის მიმართ, მაგრამ ამასთან ერთად კარგი იქნება, თუ არ გაუბრაზდებით და არ შექმნით მათთან კონფლიქტურ სიტუაციებს.

ხოლო თუ პირიქით, მშობლები გიბრაზდებიან და გეჩხუბებიან იმის გამო, რომ არ უსმენთ და არ იქცევით ისე, როგორც ისინი თვლიან საჭიროდ, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა.

შეიძლება ისინი მართლებიც იყვნენ, შეიძლება არა, მაგრამ თავის დროზე მათაც დაუშვიათ შეცდომები და ერთი ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგი, იგივეს განმეორების შემთხვევაში, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს შეცდომა მეორე ადამიანისთვის.

ასეც რომ არ იყოს, შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს, ეს რეალობაა და ისე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება არ ხდება.

წყარო: http://www.aura.ge/ 

ჩვენების რაოდენობა: 2602 უკან დაბრუნება | საბეჭდი ვერსია | გაუგზავნე მეგობარს
როგორ მოხვდით ჩვენს საიტზე?
მეგობარმა მირჩია
დიდი ხანია ვეცნობი
მოვხვდი სხვა საიტზე განთავსებული ბანერიდან
შემთხვევით აღმოვაჩინე
სხვა
 
 
 
Can Your Pet